თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში – „Erasmus+ Networking Event: Georgia and Europe“ 09.11.2026

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში – „Erasmus+ Networking Event: Georgia and Europe“

2026 წლის 3 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ ღონისძიებაში – „Erasmus+ Networking Event: Georgia and Europe“.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და Erasmus+ პროგრამის წევრი და ასოცირებული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კვლევით ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პირდაპირი პროფესიული კონტაქტების დამყარება, საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და სამომავლო ერთობლივი პროექტებისთვის პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. შეხვედრა დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა საერთაშორისო კრედიტმობილობა (International Credit Mobility – ICM), უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების პროექტები (Capacity Building in Higher Education – CBHE) და თანამშრომლობის პარტნიორობები (Cooperation Partnerships).

ღონისძიების ფარგლებში ნონა გელიტაშვილმა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სახელით წარადგინა უნივერსიტეტის ინსტიტუციური შესაძლებლობები, აკადემიური მიმართულებები და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტები. ინგლისურენოვანი პრეზენტაციის ფარგლებში მან ევროპელ პარტნიორებს გააცნო უნივერსიტეტის თანამშრომლობის პოტენციალი და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლო პარტნიორობის განვითარების ინტერესი.

ღონისძიების შემდგომი ნაწილი დაეთმო თემატურ ქსელურ შეხვედრებს, რომლებმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გასცნობოდნენ პოტენციურ პარტნიორებს, გაეზიარებინათ თანამშრომლობის იდეები და განეხილათ საერთაშორისო მობილობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი პარტნიორული კავშირების განვითარებას.