თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობის პირველ ნაბიჯებს დგამს 29.09.2026

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობის პირველ ნაბიჯებს დგამს

უნივერსიტეტის მისიის ფარგლებში თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ

2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი, დოქტორი ირმა მესირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი შეხვდნენ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს, დოქტორ ნინო ანთაძეს.

ქ-ნი ნინო ანთაძე მრავალი წელია კონსულტირებას უწევს ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს გერმანიაში სწავლისა და სასტიპენდიო დაფინანსების მოპოვების საკითხებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს DAAD-ის ის პროგრამები, რომლებიც თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის:

  - Ostpartnerschaften – პროგრამა ხელს უწყობს გერმანიასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის განვითარებას. პროგრამა აფინანსებს სტუდენტების მობილობას გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის, კვლევისა და პრაქტიკის გავლის მიზნით.

  - Leonhard Euler-ის პროგრამა – განკუთვნილია ყველა დისციპლინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის, მათ შორის საქართველოდან. პროგრამა აფინანსებს კომბინირებულ სასწავლო და კვლევით სტუმრობას როგორც მშობლიურ, ისე გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტში, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადების მიზნით.

შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები ორ დონეზე დაიგეგმა.

ინდივიდუალურ დონეზე თჰუ-ს სტუდენტებს, დოქტორანტებს, კურსდამთავრებულებსა და აკადემიურ პერსონალს მიეწოდებათ ინფორმაცია DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, მათ შორის საზაფხულო ენის კურსების, სამაგისტრო სტიპენდიებისა და კვლევითი გრანტების თაობაზე. ამ მიზნით 1 ოქტომბერს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

ინსტიტუციურ დონეზე უნივერსიტეტი, თავისი მისიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, DAAD-ის პროგრამებს საერთაშორისო თანამშრომლობის დაგეგმვისას გაითვალისწინებს, მათ შორის გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარების მიმართულებით.