პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში გამართულ Erasmus+ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში
2026 წლის 15–19 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თჰუ-ს პარტნიორ მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (Mykolas Romeris University - MRU) საერთაშორისო ოფისის მიერ ორგანიზებულ მე-14 Erasmus+ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში 2026, რომელიც ვილნიუსში (ლიეტუვა) ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ Erasmus+ KA131 და KA171 International Credit Mobility პროგრამების პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი უნივერსიტეტი, მათ შორის ხორვატიიდან, კენიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, მალაიზიიდან, თურქეთიდან, კოსოვოდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო Erasmus+-ის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და გაძლიერება, ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე ახალი აკადემიური და ინსტიტუციური პარტნიორობების განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას წინ უძღოდა ონლაინ გაცნობითი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტები, საქმიანობის სფეროები და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები.
კვირეულის ოფიციალური პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან სამუშაო შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და დისკუსიებს. პირველ დღეს მონაწილეები გაეცნენ მიკოლას რომერის უნივერსიტეტის საქმიანობასა და ღონისძიების პროგრამას. მომდევნო დღეებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის, კვლევისა და ინოვაციების ცენტრის, აკადემიურ საქმეთა ცენტრის, საზოგადოების კეთილდღეობისა და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს ბოლო წლების გამოცდილება, გამოწვევები და წარმატებული პრაქტიკა. ასევე გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც განხილულ იქნა სწავლების ორგანიზების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების თანამედროვე მიდგომები.
კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი უნივერსიტეტების გამოცდილება, ემსჯელათ საერთაშორისო მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი თანამშრომლობისა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ღონისძიებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისთვის.
აკადემიურ პროგრამასთან ერთად ორგანიზატორებმა მონაწილეებს შესთავაზეს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაც, რომლის ფარგლებში გაიმართა ვილნიუსის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ასევე ერთდღიანი ვიზიტი ქალაქ დრიუსკინინკაში.
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისთვის მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
ინფორმაცია Erasmus+ პერსონალის საერთაშორისო კვირეულის შესახებ გამოქვეყნდა მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე:
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...
ვრცლადპირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე....
ვრცლადსაქველმოქმედო ფოლკლორული საღამო
2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა საქველმოქმედო...
ვრცლად
